თურქეთი „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან“ გადის
თურქეთი „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან“ გადის. შესაბამის განკარგულებას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი. განკარგულება მთავრობის ოფიციალურ გაზეთ Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.
„ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებას“ ხელი მოეწერა 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში და რატიფიცირებული იქნა თურქეთის მთავრობის მიერ 1992 წლის პირველ ივლისს. 1999 წელს სტამბოლში შემუშავდა და დამტკიცდა განახლებული ხელშეკრულება ახალი რეალობის გათვალისწინებით, როგორebიცაა ვარშავის პაქტის დაშლა და ნატო-ს გაფართოება. რუსეთი ასევე გამოვიდა ხელშეკრულებიდან 2023 წელს და შეერთებული შტატები ნატო-ს სამხედრო ალიანსის გაფართოებით ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების შელახვაში დაადანაშაულა.
გასულ თვეში ხელშეკრულებიდან გავიდა პოლონეთიც.
1990 წლის ხელშეკრულებამ „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ (CFE), რომელიც ხელმოწერილი იქნა ბერლინის კედლის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ, დააწესა შემოწმებადი შეზღუდვები ჩვეულებრივი სამხედრო აღჭურვილობის კატეგორიებზე, რომლებიც ნატო-ს და მაშინდელ ვარშავის პაქტის ქვეყნებს შეეძლოთ განეთავსებინათ.
ხელშეკრულება შეიქმნა იმისათვის, რომ ცივი ომის ორივე მხარეს არ შეეგროვებინა ძალები ევროპაში მეორის წინააღმდეგ სწრაფი შეტევისთვის. ხელშეკრულებამ დააწესა შეზღუდვები ევროპაში ჩვეულებრივი სამხედრო აღჭურვილობის ხუთი ძირითადი კატეგორიისთვის – ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ვერტმფრენები და საბრძოლო თვითმფრინავები და მხარეებს ჭარბი იარაღის განადგურება დაავალა.