თურქეთი ევროკავშირს მოუწოდებს, სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებული „შეცდომა შეასწოროს“
თურქეთი ევროკავშირს მოუწოდებს, სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებული „შეცდომა შეასწოროს“

თურქეთი ელოდება, რომ ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებულ „შეცდომას შეასწორებს“ და თურქეთის მოქალაქეებს საზღვრებს რაც შეიძლება მალე გაუხსნის. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ თურქეთი არ მოხვდა მესამე ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც რეკომენდებულია 2020 წლის პირველი ივლისიდან არა არსებითი სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა. თურქეთის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომები, ასევე ამ კუთხით მისი ძალისხმევა და წარმატება აშკარაა. გადაწყევტილება უნდა ყოფილიყო მიღებული ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე და უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული თურქეთის მიღწევები, რომლები სამაგალითოდაა აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი გააგრძელებს ევროპულ ინსტიტუტებთან პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობას და ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარებას.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.