თურქეთ-ევროკავშირის სამიტი 26 მარტს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება
თურქეთ-ევროკავშირის სამიტი 26 მარტს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ანკარასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ევროკავშირის ლიდერებმა სამიტი ბრიუსელიდან ვარნაში გადაიტანეს.
„თურქეთის და ევროკავშირის მაღალჩინოსნები 26 მაისის სამიტზე რთულ ატმოსფეროს ელოდებიან. თუმცა ევროპელ მასპინძლებს დიდი არჩევანი არ აქვთ, ერდოღანის მოსმენის გარდა, რომელიც მათ სირიელი ლტოლვილებისთვის მეტ ფულს, საბაჟო კავშირის გაღრმავებას და თურქებისთვის ევროპაში ვიზების გარეშე ჩასვლის უფლების მინიჭების მოლაპარაკებებში პროგრესს მოსთხოვს“, – წერს Reuters-ი.
როგორც სააგენტო იტყობინება, ერთი მხრივ, ევროპელი ლიდერები აკრიტიკებენ თურქეთს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, თუმცა ამავე დროს, ევროპულ ქვეყნებს აქვთ თურქეთის როგორც ევროპის სამხრეთის ფლანგზე ნატო-ს მოკავშირის იმედი. ამას გარდა, გასათვალისიწნებელია, თურქეთთან მიღწეული მიგრაციული შეთანხმება, რომელმაც ევროკავშირში სირიელ ლტოლვილთა ნაკადი შეაჩერა.
„თურქეთის ლიდერი შორეულ ნათესავს ჰგავს, რომელიც ოჯახურ სადილზე უნდა დაპატიჟო, როგორ ცუდადაც არ უნდა გეჩვენებოდეს მისი ქცევა“, – ნათქვამია სტატიაში.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ანკარასთან თბილი ურთიერთობები ევროპის ინტერესებში შედის.
„თუ ევროპა თურქეთს პოზიტიურ ნიშანს მისცემს, თურქეთი რეფორმების თვალსაზრისით უფრო მეტს გააკეთებს. თუმცა, რაც უფრო მეტად მოაქცევს ევროკავშირი თურქეთს იზოლაციაში, მით უფრო ნაციონალისტური გახდება ის“, – განაცხადა ევროკავშირში თურქეთის ელჩმა ფარუკ ქაიმაქჩიმ.
თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი გააჩნია, თუმცა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ, ბრიუსელმა ანკარასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ამასთან, ევროკავშირმა უარი თქვა თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ვიდრე ის ამისთვის წაყენებულ ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს. კერძოდ, ევროკავშირი თურქეთისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის ცვლილებას ითხოვს.