ტურიზმის სფეროსთვის ახალი რეგულაციები მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი
შემუშავებული გვაქვს ცალკეული დახმარების პროგრამა, რომლითაც ხელს შევუწყობთ ტურიზმის ინდუსტრიის თითოეულ წარმომადგენელს, რათა ძალიან კარგად გაერკვიონ ახალი რეგულაციების ფორმულირებაში და შემდგომ დანერგვაში, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, „კოვიდ 19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრია გადადის ჯანდაცვის ახალი გაიდლაინების დანერგვაზე, რომელიც შეეხება ინდუსტრიის ყველა წევრს. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი პირველია, რომელიც მომდევნო კვირის დასაწყისში წარმოადგენს ახალ რეგულაციებს, რომლებიც იქნება დასანერგი სასტუმრო ინდუსტრიაში, სარესტორნო ინდუსტრიაში, მათ შორის, ტურისტული კომპანიების გიდების, ისევე, როგორც ტურისტული ტრანსპორტისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორთან შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში შეხვედრაზე ადმინისტრაციამ სფეროს წარმომადგენლებს მიაწოდა რეგულაციების პირველადი მონახაზი.
„შესაბამისად ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც მუდმივად ჩვენი გზაა. ჩვენ, პირველ რიგში, გავიარეთ სამუშაო ფორმატი კერძო სექტორთან. მათ ჰქონდათ ჩვენგან მიწოდებული ის პირველადი მონახაზი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად იქნა შემუშავებული. სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მათი უკუკავშირი, რომელიც ძალიან ღირებული იყი ჩვენთვის, რადგან ჩვენი მთავარი მისია არის, რომ ტურიზმი იყოს უსაფრთხო ინდუსტრია და ამავდროულად, არ შეფერხდეს ბიზნესის ოპერირება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, პროცესი ძალიან ჯანსაღად მიმდინარეობს.
„ჩვენ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე სამუშაო ჯგუფებს დავუბრუნდებით საბოლოო ვერსიებით, რის შემდეგადაც მომდევნო კვირის დასაწყისში გავასაჯაროებთ აღნიშნულ გაიდლაინს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც მოხდა დაჩქარებულად პროცესების მართვა, რომ საქართველომ შეიმუშავა რეგულაციები ტურიზმის ინდუსტრიაში, არის ის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების დანერგვა მთელი საქართველოს მაშტაბით. ჩვენ, რა თქმა უნდა, შემუშავებული გვაქვს ცალკეული დახმარების პროგრამა, რომლითაც ხელს შევუწყობთ ტურიზმის ინდუსტრიის თითოეულ წარმომადგენელს, რათა ძალიან კარგად გაერკვიონ ახალი რეგულაციების ფორმულირებაში და შემდგომ დანერგვაში. პროცესი არის ასეთი. მომდევნო დღეების განმავლობაში ვასაჯაროებთ აღნიშნულ რეგულაციებს, შემდგომ ვეხმარებით მთელი საქართველოს მაშტაბით ჩართულ პირებს, რათა დანერგონ აღნიშნილი რეგულაციები, უკვე 15 ივნისიდან ველოდებით შიდა მოგზაურებს, ხოლო პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო მოგზაურებს“, – დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.