ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს
ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავს.

განცხადებას ხელს აწერენ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაცია; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია; სატრანსპორტო კომპანიები; ტუროპერატორები და აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას მთავრობას ორშაბათს გაუგზავნიან.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით, თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რის წინაშეც გამკლავება გვიწევს პანდემიიდან და მის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ვეთანხმებით 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. გთავაზობთ ჩვენს ხედვას 2021 წლის ტურიზმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო გზებით. აქვე დავძენთ, რომ ეს მინიმალური ნაბიჯები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის, ყველა ნაბიჯზე გვაქვს ხანგრძლივად ნაფიქრი და რეკომენდაციები მოძიებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების არსებული მაგალითებიდან, რაც უკვე მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც დადო.

ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები:

1. ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა)

2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორების ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა ა3) წარმოადგენს საბუთს რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი) ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია,საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას) გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან, სადაც უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, ასევე გაკონტროლდეს ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფი ტესტით საზღვარზევე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში ეპიდ სიტუაციის დამძიმებას

3. სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.

4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.

5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.