საქართველოს მთავრობა - ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიიღება.
როგორც ცნობილია, საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმისა და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR-ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ შესაძლებლობებზე. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 908 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 761 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ჩვენი ქვეყნის სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 255 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.