ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სახელმწიფოს გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართავენ
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სახელმწიფოს გადასახადების გადავადებისა და ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სექტორის წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილმა ვითარებამ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა და სასტუმროების ბიზნესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა წერილობით მიმართონ სახელმწიფოს, რომელშიც მათი მოთხოვნები იქნება გაწერილი. ძირითადი მოთხოვნა დარგისთვის გადასახადების დროებით გადავადებას უკავშირდება, აგრეთვე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან კომერციულ ბანკებთან და კომუნალურ კომპანიებთან შუამდგომლობას ითხოვენ, რათა ამ შემთხვევაშიც გადასახადები გარკვეულ პერიოდზე გადაუნაწილდეთ.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, წერილი დღეს შედგება, ხვალ კი, ის აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრას გეგმავს.
ამასთან, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, თბილისის სასტუმროებში მარტი-აპრილის ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმებულია და ინდუსტრიას დიდი პრობლემა შეექმნა.