„აღმოაჩინე ის, რაც შენია, იმოგზაურე საქართველოში“- შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო
„აღმოაჩინე ის, რაც შენია, იმოგზაურე საქართველოში“- შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ახალი კამპანია წამოიწყო.

„აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ – ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალური ქსელებითა და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას განახორციელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე ის, რაც შენია -იმოგზაურე საქართველოში“ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხეს გავუწევთ მაქსიმალურ პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ სექტორს საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი. დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ.

კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება „კოვიდ-19“-თან მიმართებაში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მედია-ტური შიდა ქართლში გაიმართა.

შიდა ტურიზის პოპულარიზაციის მიზნით მედია-ტურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება.