ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ეწვევა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად უცხოელი ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობას უმასპინძლებენ.
ივლისის ბოლომდე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი), სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა.
მაღალრეიტინგული უცხოური ტელეკომპანიების, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს საქართველოს შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა, უნიკალური კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით. საქართველოს შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.