ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კახეთში მოწყობილი ერთ-ერთი კარანტინის სივრცე 62-მა მოქალაქემ დატოვა
წინანდალში, სასტუმრო „პარკ ჰოტელში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 62-მა ადამიანმა დატოვა.
მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონიდან გამოსული მოქალაქეთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.
„კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ვაცილებთ სახლებში, სრულიად ჯანმრთელებს. თითოეულ მათგანს, ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება, ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას, ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ 82 სასტუმროსთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვაცილებთ ადამიანებს, რომლებიც საკარანტინო ზონების სრულიად ჯანმრთელები ტოვებენ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5 400-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. ამ დროისთვის ჯამში საკარანტინო სივრცეები 1 400 – ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.