ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო კერძო სექტორისგან უკუკავშირის მიღება, ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგულაციების გადახედვას, გამარტივებას. საუბარი შეეხო კვების ობიექტების შიდა სივრცეების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიების გატარებას: დისტანციის დაცვას, დარბაზში მაგიდებისა და დასაჯდომი ადგილების განლაგებას, სტუმრების რაოდენობას, დროებითი დამცავი ბარიერების გამოყენებას და ა.შ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ონლაინ შეხვედრის ბოლოს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გაბრიაძემ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის – „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რაც სესხებზე შეღავათებს გულისხმობს.
რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქების და უსაფრთხო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.