ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკრაინელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული უკრაინული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტელეკომპანია „უკრაინის“, სხვადასხვა ონლაინგამოცემებისა და სოციალური ქსელების რვა ჟურნალისტსა და ბლოგერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული შეხვდა. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისი და მცხეთა. რვადღიანი ტურის განმავლობაში უკრაინელი ჟურნალისტები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას მოინახულებენ. დაათვალიერებენ ქუთაისსა და წყალტუბოს, ეწვევიან ვანის მუზეუმს. მოინახულებენ მესტიასა და უშგულს. მედიის წარმომადგენლები ვიდეო სიუჟეტებს, სტატიებს, ფოტო რეპორტაჟებსა და ბლოგებს საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ მოამზადებენ, რომელსაც უკრაინაში მილიონობით მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს უკრაინის წამყვანი ონლაინ, ბეჭდური და ტელემედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, ტურისტულ ადგილებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და უკრაინული მედიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ეწვიონ ზამთრის კურორტებს და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაულმა.
უკრაინელი ბლოგერი იულია ბერკუტა ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა უკრაინელი ტურისტებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც დღე-ნახევარია საქართველოში ვიმყოფები ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მივიღე. დავათვალიერეთ თბილისი, ვგეგმავთ სხვადასხვა კურორტების მონახულებას, ვიმოგზაურებთ მთებში, დავაგემოვნებთ ქართულ კერძებს, რომელიც თქვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, თქვენ ასევე გაქვთ შესანიშნავი სამთო კურორტები და მე ამ ყველაფრის შესახებ ჩემს მკითხველს მოვუყვები. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა უკრაინელი ტურისტებისთვის და სოციალურ ქსელში ყველა ჩემს გამომწერს მოვუწოდებ საქართველოში იმოგზაურონ“, – აცხადებს უკრაინელი ბლოგერი იულია ბერკუტა.