ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში ორი საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა დაასრულა.
პირველი ბილიკი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იწყება და ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისს, სათაფლიის აღკვეთილსა და სოფელ გუმათს.
მეორე ბილიკის მარკირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ზარათში ჩატარდა, რომელიც ზარათის ჩანჩქერამდე მიდის.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონიშნა და ინფრასტრუქტურულად მოაწყო ჯამურად 227 კმ სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი, მათ შორის არის იმერეთის ორი ბილიკი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2,7 კმ სიგრძის კაცხი-კაცხის სვეტის პანორამული ბილიკი მოეწყო. ბილიკების ბოლოს იშლება პანორამული ხედები კაცხის სვეტზე. 5 კმ სიგრძის ბილიკი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანის ჩანჩქერთან მოეწყო.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„კაცხის სვეტის პანორამულ ხედთან უკვე მარკირებული ბილიკით შესაძლებელია მოხვედრა, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. მთელი საქართველოს მასშტაბით 111 ბილიკია მონიშნული, რომელიც 1 400 კილომეტრს ფარავს. აღსანიშნავია, რომ საფეხმავლო ბილიკები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოლაშქრეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, მონიშნული ბილიკები მოგზაურებს უადვილებს, უსაფრთხოდ მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ბუნება, მთები, ხეობები, მდინარეები და ა.შ.“ – განაცხადა მაია ომიაძემ.
წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამეგრელოში, იმერეთსა და ფშავ-ხევსურეთში ჯამურად 180 კმ ბილიკის მონიშვნას გეგმავს.