ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „გუგლთან“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია „გუგლთან“ (Google) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.
საქართველოს შესახებ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და ახალ მიზნობრივ ბაზრებთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და „გუგლ უკრაინის“ (Google Ukraine) ხელმძღვანელმა, დმიტრო შოლომკომ შეხვედრაზე განიხილეს.
„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა „გუგლის“ წარმომადგენლებთან. თანამშრომლობის გაღრმავებაზე შევთანხმდით. ჩვენ უფრო მეტად მოვახდენთ ბაზრების იდეტიფიცირებას და მიზნობრივი აუდიტორიებისთვის მარკეტინგული არხებით საჭირო შეტყობინების მიწოდებას, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა შეძლოს.”-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
დმიტრო შოლომკოს თქმით, შეხვედრაზე ბევრი ახალი იდეა განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე სამომავლო გეგმებს, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა განხორციელდეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგული კამპანიის დროს მომზადდება მონაცემთა ბაზა, ჩატარდება კვლევა და გაანალიზდება რა ტიპის ტურისტები გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას, რა მიზნით ჩამოდიან ისინი თქვენს ქვეყანაში და რა კონკრეტული სარგებელი დარჩება საქართველოს ეკონომიკას. ამ ყველაფერს მსოფლიოში ბევრი კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს, – განაცხადა „გუგლ უკრაინის“ ხელმძღვანელმა.
მისი შეფასებით, საქართველოსთვის ეს საკმაოდ კარგი პროექტი იქნება.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.