ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს
საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ეს საგრანტო ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას. ეს გულისხმობს სამ რეგიონში: რაჭაში, გურიასა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტისა და სერვისის განვითარებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტის განვითარებას“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ანა-ვალერი პიტერსის თქმით, პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს გადავცემთ, რათა განახორციელოს ეკოტურიზმის სტრატეგია, განავითაროს ეკოტურიზმი ქვეყანაში. ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ“, – აცხადებს ანა-ვალერი პიტერსი.
საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას მოიცავს.
პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე, გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას. პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა. პროექტი ერთწლიანია და ბიუჯეტი 190,000 ევროს შეადგენს.