ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გერმანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე კომპანიებს ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები გააცნო.

საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის, ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარი ქართული კონცერტი. საზეიმო გალა გახსნას 180 ქვეყნიდან 2 500-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

ბერლინის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით ოფიციალურად გაიხსნება. საქართველოს პრეზენტაციას 60-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ტუროპერატორი დაესწრება. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, გამოფენის მთავარი სტენდი დამთვალიერებლებს ქართული სტუმარმასპინძლობის უსაზღვრო შესაძლებლობებს გააცნობს. გამოფენის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ტიხრულ მინანქარს, ქართულ კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.