ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin 2019) მონაწილეობს.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხუთდღიან ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყება არის წარმოდგენილი.
გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს.
საქართველოს ტურისტული სტენდი მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ბერლინის მერს მიჰაელ მიულერს და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გააცნო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ ქართული ღვინო.
„გამოფენაზე ჩვენთან ერთად იმყოფება ტურისტული სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ მეტი კონტაქტი დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან.
დღეს ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოს სტენდზე ვუმასპინძლეთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბერლინის მერს და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია მოგვეწყო,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე დამთვალიერებლებს და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. საქართველოს სტენდთან საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება ეწყობა.