ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. მატულობს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად, იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, პირველი ივნისიდან ტურისტებს უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
„ჩვენი მოლოდინი მაღალია. უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, კოვიდის პირობებში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ პროდუქტებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ეს არის ეკო, აგრო, სათავგადასავლო და სხვა მიმართულებები. ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხო ტურისტულ პროდუქტებს, რაზეც დღეს განსაკუთრებული მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში. უსაფრთხო ტურისტულ პროდუქციაზე ორიენტერებული კამპანია, შემსუბუქებული რეგულაციები, გახსნილი სახმელეთო საზღვარი და გაზრდილი ავიარეისების რაოდენობა კომპლექსურად ხელს უწყობს რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური საქართველოში“, -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა კი 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.