ტურიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სავალდებულო მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია კერძო სექტორს მომდევნო კვირაში წარედგინება
მიღებულია გადაწყვეტილებები, რა სავალდებულო მოთხოვნები ექნებათ საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში მოგზაურობისას, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ.
ქვრივიშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც დაკავშირებულია ტურიზმის ამოქმედებასთან.
„მიღებულია გადაწყვეტილებები, რა სავალდებულო მოთხოვნები ექნებათ საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში მოგზაურობისას, რომელია ის სტრატეგიული ქვეყნები, ვისთანაც კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის უსაფრთხო დერეფნების მომსახურება და მოლაპარაკება ასევე საავიაციო მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტიკა არის უკვე მწვანე ზონების შექმნასთან დაკავშირებით და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი კურორტი, თუ სასტუმრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სიახლეები შემოდის ტურიზმში სავალდებულოდ აღსასრულებელი გაიდლაინების მიმართულებით.
„დღეს შევთანხმდით ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შეეხება სასტუმრო ობიექტებს, კვების ობიექტებს, გიდებს, ისევე, როგორც ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმში ჩართულ სატრანსპორტო კომპანიებს. ფაქტობრივად, სამუშაო პროცესები მიმდინარეობს და მომდევნო კვირაში უკვე გვექნება აღნიშნული მიმართულებების წარდგენა კერძო სექტორთან, რის შემდეგაც კერძო სექტორს ექნება სრული თავისუფლება, აღადგინოს ის ბიზნესურთიერთობები, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა დაგროვილი საერთაშორისო პარტნიორებთან“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.