ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, 157.5 პროცენტით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5 პროცენტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 69.4 პროცენტით აღდგა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე მიმდინარე წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„2022 წლის სექტემბერში საქართველოში 452,155 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +115.7 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8 პროცენტი აღდგენილია.
2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +199.1 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8 პროცენტია.
2022 წლის ცხრა თვეში საქართველოში 2 704 133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, ზრდა +147.5 პროცენტია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8 პროცენტს შეადგენს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.