ტურიზმის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან ერთად, წელს ტურიზმის სფეროში 1 500 ადამიანს გადაამზადებს
ტურიზმის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან ერთად, წელს ტურიზმის სფეროში 1 500 ადამიანს გადაამზადებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს პროფესიული გადამზადების კურსებს უზრუნველყოფს, რომელიც როგორც ტურიზმის ინდუსტრიაში უკვე დასაქმებულთათვის, ასევე დასაქმების მსურველთათვის იქნება განკუთვნილი.

პროფესიული გადამზადების პროგრამა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ყველა რეგიონში და ტურისტულად დატვირთულ ქალაქსა თუ დაბაში. სასწავლო კურსები ჩაუტარდებათ განთავსების, კვებისა და აგრო ტურისტული ობიექტების თანამშრომლებს, კულტურული ტურიზმის და ღვინის გიდებს, სამთო გამყოლებს, მუზეუმის თანამშრომლებს, სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებსა და სამთო გამყოლებს. სულ წლის განმავლობაში დაგეგმილია 1500 ადამიანის გადამზადება.

სასწავლო კურსები ჩატარდება 20-ზე მეტ თემატიკაში: მომსახურების უნარ-ჩვევები და სერვის +, მარკეტინგი და გაყიდვები, უცხო ენა, აგრო ტურისტული ობიექტების მართვა, პრობლემური სიტუაციების მართვა, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მართვა, ჰიგიენა და უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების უნარ-ჩვევები, კულტურული გიდების ტრენინგი, ღვინისა და კულინარიის გიდების ტრენინგი, სათავგადასავლო გამყოლების ტრენინგი და სხვა.

ტრენინგის შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.

„დღეს იწყება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც გულისხმობს გიდების გადამზადებას, მათთვის და მთლიანად ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკაში – „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”. ტრენინგი პირველ ეტაპზე თბილისში ხორციელდება. თუმცა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ჩატარება ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ერთობლივი ტრენინგის პროგრამის განხორციელება წარმატებულ პლატფორმებთან თანამშრომლობით – booking.com, Expedia, Airbnb.

„ასევე, კულტურის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუზეუმების გიდების გადამზადებას. ტურიზმის ადმინისტრაცია პარალელურად მუშაობს განათლების სამინისტროსთან კერძო სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების მიერ დამატებით კადრების მომზადებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, განსაზღვრულია კონკრეტული პოზიციები რომელთა მომზადება-გადამზადება მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში – მიმტანი, მზარეული, ტურ-ოპერატორი, დიასახლისი და სხვა.  მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების დამუშავებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა, სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს კადრების გადამზადებას შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პერსონალის მიწოდების მიზნით.

ყოველწლიურად დაგეგმილია 50 000-მდე ადამიანის პროფესიული გადამზადება.