ტურიზმის ადმინისტრაცია პოპულარული ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ის ჟურნალისტს მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარული გამოცემა The Daily Beast-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ონლაინპლატფორმას ყოველთვიურად 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა აშშ-ში.
მათივე ცნობით, საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ მოგზაური ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი სტატიებს მოამზადებს, როგორც The Daily Beast-ის, ასევე კულინარიული სამოგზაურო გამოცემა Saveur-ისთვის.
პრესტურის ფარგლებში ცნობილი ჟურნალისტი თბილისს, მცხეთას, შიდა ქართლში წედისს, გარიყულას, კახეთში დედოფლისწყაროს, თელავს, გურჯაანს, ვაზისუბანსა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს მოინახულებს, ეწვევა ღვინის მარნებს, სადაც ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ღვინოს დააგემოვნებს.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს შესახებ ბენჯამინ კემპერი სტატიებს როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი მომხმარებელი გაეცნობა.