ტურიზმის ადმინისტრაცია - მესტიაში მზად არის 18 სასტუმრო 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება
მესტიის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული განთავსების ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით, საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.
„მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ტურისტების საკარანტინო ზონებში გადასაყვანად მესტიაში უკვე იდენტიფიცირებულია 18 სასტუმრო, რომელიც საკარანტინო სივრცისთვის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და გავლილი აქვს ინსპექტირება. მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში. მოვუწოდებთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში,” – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი.
„სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 100-ზე მეტ განთავსების ობიექტთან სტუმრების რაოდენობის დასადგენად. ადმინისტრაციის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტრანსპორტი მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარებას გაუწევენ იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფება სვანეთში. ადგილზე მობილიზებულია ყველა უწყება, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დამსვენებლებმა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი“, – აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დღეს დაწესდა.