2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც.
მისი თქმით, ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა.
„ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს საერთაშორისო ტურიზმიდან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.