ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები 2021 წლის ქონების გადასახადისგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული) გათავისუფლდნენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ცვლილებას „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით 1 200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.
„ინიციატივის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება (კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 1151 ნაწილი, და ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდა ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა), რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული შეღავათით 1 200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.
შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში. აქვე განვმარტავთ, რომ შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები – დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.