ტურისტმა პირველივე ცდაზე გახსნა სეიფი, რომლის გაღებაც 40 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო
კანადის ქალაქ ალბერტაში, ვერმილონ ჰერიტაჟ მუზეუმის სარდაფში განთავსებული სეიფის გახსნას წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. მუზეუმმა ამ მიზნით სხვადასხვა დროს სეიფის მწარმოებელი, ხელოსნები, მუზეუმამდე შენობაში არსებული სასტუმროს ყოფილი თანამშრომლები მოიწვია, თუმცა სეიფის კომბინაციის გამოცნობა ვერავინ შეძლო. მუზეუმმა საცავის ბედი ტურისტებსაც მიანდო და დამთვალიერებლებისთვის ერთგვარ აზარტად აქცია.
ერთ დღესაც მუზეუმს სტივენ მილსი, ოჯახთან ერთად ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი იმ დღეს დახურული იყო, თანამშრომელმა მათ შენობა დაათვალიერებინა და სეიფის შესახებაც უამბო. სტივენ მილი იხსენებს, რომ სეიფის ციფერბლატი 60 სეგმენტად იყო დაყოფილი.
„გონებაში გავიფიქრე 20-40-60. მექანიზმი სამჯერ მარჯვნივ, ორჯერ მარცხნივ და ერთხელ ისევ მარჯვნივ კომბინაციით დავატრიალე და სახელური მოვსინჯე … ის გაიღო”, – აცხადებს სტივენი.
თუმცა, სეიფის შიგთავსმა იმედები გაუცრუა მუზეუმის თანამშრომლებს. მასში მხოლოდ 1970-იანი წლებით დათარიღებული სასტუმროს დოკუმენტები და დამლაგებლის ბლოკნოტი აღმოჩნდა.