ტურისტები, რომლებიც გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას, დანიის მთავრობისგან უფასო საკვებითა და სხვა სარგებლით დაჯილდოვდებიან
ტურისტები, რომლებიც გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას, დანიის მთავრობისგან უფასო საკვებითა და სხვა სარგებლით დაჯილდოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
საცდელი სქემა 15 ივლისს იწყება. სქემის თანახმად, კოპენჰაგენის ტურისტული ატრაქციონები ტურისტებს ჯილდოს შესთავაზებს ისეთი აქტივობებისთვის, როგორებიცაა ნარჩენების შეგროვება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ან ქალაქში ველოსიპედით სეირნობა. ტურისტებს კი შეუძლიათ, სანაცვლოდ მოითხოვონ უფასო ლანჩი, ყავა, ღვინო და კაიაკის დაქირავება.
„როდესაც მანქანით ან თვითმფრინავით საზღვარგარეთ მოგზაურობთ, გარემოს აბინძურებთ, ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ ვიყოთ უფრო მდგრადები გარემოს მიმართ. ეს გეგმა მწვანე ცვლილებებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯია“, – განაცხადა ტურიზმის საბჭოს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჰოლმ პეტერსენმა.