ტურის ცენტრალური მატჩი უგოლოდ დასრულდა - ფრე „დინამო ბათუმის“ სასარგებლოდ | კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი დღეს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და ამჟამად მესამე ადგილზე მყოფი „საბურთალო“ და მეორეადგილოსანი „დინამო თბილისი“ ხვდებოდნენ.
მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, მოგების შემთხვევაში, „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა, ხოლო „საბურთალო“ მეორე ადგილზე ინაცვლებდა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენას ერთ ქულამდე ამცირებდა.
მიუხედავად უგოლო ფრისა, მატჩი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საბურთალოელები ორივე ტაიმის განმავლობაში მეტოქეზე მეტად აქტიურობდნენ და „დინამოს“ კარში რომ გოლი არ გავიდა, ეს უმეტესწილად ესპანელი მეკარის, ხოსე პერალესის დამსახურებაა.
საბოლოოდ, ამ შედეგმა ბათუმის „დინამოს“ წისქვილზე დაასხა წყალი და ზღვისპირელები ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებენ.
მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ბათუმელებს 64 ქულა აქვთ, თბილისის „დინამოს“ – 63, ხოლო მესამეზე მყოფ „საბურთალოს“ – 61.
33-ე ტური:
1 ნოემბერი
ჩიხურა – დინამო ბათუმი
3 ნოემბერი
დილა – საბურთალო
დინამო თბილისი – ტორპედო