ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური - ახალი ჩემპიონის მოლოდინში

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კულმინაციას მიუახლოვდა – კვირას, 24 ნოემბერს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს – ლიდერების რისხვად ქცეული „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში, თბილისელები (69 ქულა) ჩემპიონობას დაუახლოვდებიან, გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი „დილა“ კი 42 ქულით მეექვსე ადგილზეა და პლეი აუტში მონაწილეობის თავიდან ასაცილებლად ქულები ისევ სჭირდება. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ. ეროვნულ ჩემპიონატში „დინამოს“ დიდი უპირატესობა აქვს – გუნდები ერთმანეთს 66-ჯერ შეხვდნენ – თბილისელებმა 47 მოიგეს, 13 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს, ბურთების შეფარდება 168:39-ზე.

შესაძლოა, „საბურთალო“ ბოლო ტურში ყველაზე უმოტივაციოდ დარჩა, რადგან დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებს და სამეულის ქვემოთაც არ დაეშვება. საჩხერის „ჩიხურამ“ კი ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მოულოდნელად, ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი გამოუჩნდა.

„ვიტ ჯორჯია“ ლიგიდან გავარდა და გუნდს მოტივაცია აღარ გააჩნია, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ლიგიდან გავარდნის საფრთის წინაშე დადგა და პლეი ოფის გარეშე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოგება სჭირდება.

ერთ-ერთი გამორჩეული მნიშვნელობის მატჩი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ იმართება – გასავარდნთა ზონიდან თავის დასაღწევად „სიონს“ სჭირდება მოგება „ლოკომოტივთან“, რომელსაც თავის მხრივ ევროსაგზურის მოსაპოვებლად ქულაც ჰყოფნის. მატჩის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ „ლოკომოტივი“ ბოლნისში თამაშის წინა დღეს გაემგზავრა.

დაბოლოს: ბათუმის „დინამოს“, რომელიც თბილისის „დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩება, საჩემპიონო შანსის შესანარჩუნებლად მოგება სჭირდება „რუსთავთან“, რომელიც მეცხრე ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებლად იბრძვის. საამისოდ, ანგისაში რუსთაველებს ბათუმელთა დამარცხება სჭირდებათ, რაც თითქმის შეუძლებელი ჩანს. ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის „დინამოს“ დაუბრუდნენ ტრავმირებულები – ლევან გეგეჭკორი, გურამ ადამაძე, ლადო დვალიშვილი და გიორგი ილურიძე.

ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ყველა შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

დილა – დინამო თბ
14:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

ჩიხურა – საბურთალო
14:00. ცენტრალური – ივანწმინდა

ვიტ ჯორჯია – ტორპედო
14:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

სიონი – ლოკომოტივი
14:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

დინამო ბთ – რუსთავი
14:00. ანგისა – ბათუმი