ტუნისში დააკავეს გემი, რომელსაც რუსეთიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა
ტუნისში დააკავეს გემი, რომელსაც რუსეთიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა. ამის შესახებ სააგენტო Agenzia Nova იტყობინება.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი სახელწოდებით Ural-ი ნოვოროსიისკიდან კამერუნში მიცურავდა. გემი თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ტუნისის საპორტო ქალაქ სფაქსში ის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შევიდა.
გემის შემოწმებისას ტუნისის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 24 დაურეგისტრირებელი კონტეინერი აღმოაჩინეს, რომელშიც ჯავშანმანქანები, ბულდოზერები, სამხედრო უნიფორმები, რაციები, სატელიტური კავშირის მოწყობილობები და ელექტროგენერატორები იყო.
ამასთან, როგორც გამოცემა „საზღვაო ბიულეტენი“ წერს, გემის მარშრუტი საკმაოდ უცნაური იყო: მან გადაკვეთა იონის ზღვა, მაშინ როდესაც კამერუნში ტვირთის ჩასატანად ეს საჭირო არ იყო, შემდეგ კი სამხრეთით, ლიბიის სანაპიროსკენ აიღო გეზი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ნელი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ტუნისში რუსეთის საელჩოში განმარტეს, რომ გემი Ural-ი თურქულ კომპანია Akdeniz Roro-ს ეკუთვნის, ტვირთი კი კამერონის ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი.
რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ გემის ეკიპაჟის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეები არ არიან.