თუმანიშვილის თეატრში პირველი ქართული ტანგო-ქორეოდრამის პრემიერა გაიმართება
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი საპრემიერო სამზადისშია.
პირველი ქართული ტანგო-ქორეოდრამა „როცა ქვეყანა დიდია…“ სპექტაკლია, რომელიც ტანგოს ენით მოუყვება მაყურებელს საინტერესო ამბავს.
სიუჟეტი რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ და ქორეოგრაფმა კობა შონიამ შექმნეს.
ამბავი პროვინციიდან დიდ ქალაქში ჩამოსული გოგონას შესახებ არის, რომელიც მისთვის მოულოდნელად, ერთდროულად ეჯახება ცხოვრების მრავალმხრივ ხიფათს, პირველ სიყვარულს და იმედგაცრუებას, მეგობრობას, მტრობას, უცხო გარემოში თავის დამკვიდრებას და წარმატებისთვის ბრძოლას. სპექტაკლში გამოყენებულია მსოფლიოში შედევრებად აღიარებული ტანგოს სხვადასხვა სტილისთვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.
პროექტი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასისა და ტანგო აკადემიის თანამშრომლობით შეიქმნა.
ქორეოგრაფიული ელემენტებით სპექტალი მარიამ ჭარხალაძემ გააფორმა, კოსტუმებისა და დეკორაციის მხატვრობა კი შოთა გლურჯიძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები და მოცეკვავეები: ეკა ანდრონიკაშვილი, ქეთი ასათიანი/ანა ნიკოლაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ანა-მარია გურგენიშვილი, ირაკლი გურგენიძე, ვანო დუგლაძე, ნანუკა კუპატაძე, ცოტნე მეტონიძე, თემო ნატროშვილი, თორნიკე ქუთათელაძე, კობა შონია, ნინო ჩხეიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ბექა ჯუმუტია.
ინოვაციური პროექტის ფარგლებში თუმანიშვილის თეატრსი სამი საპრემიერო ჩვენება, 19, 25 და 29 მარტს არის დაგეგმილი.