ტუბერკულოზის ცენტრის საკარანტინო ზონაში 14 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ერთი ოჯახი მარნეულიდან არის
ტუბერკულოზის ცენტრში არსებულ საკარანტინო ზონაში მეთვალყურეობის ქვეშ 14 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ერთი ოჯახი მარნეულიდან, – ამის შესახებ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ოჯახი შვიდ წევრიანია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით ვირუსული პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ჩვენ მათ ყველა საჭიროებებზე სისტემატურად ვამოწმებთ და სამედიცინო მეთვალყურეობას ვახორციელებთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამატებით ან განმეორებით კვლევებს საჭიროებდნენ. ამ შემთხვევაში ისინი ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იყვნენ გადაყვანილი, სადაც კვლევები ჩაუტარდათ. საბედნიეროდ, კორონავირუსით ავადობა არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. იქიდან ზოგი დაგვიბრუნდა ზოგი გაეწერა“, – განაცხადა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მისი თქმით, საკარანტინო ზონაში მარნეულიდან ოჯახი სამი დღის წინ შევიდა.
„აზერბაიჯანიდან წამოსულებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, წითელ ხიდზე და ამის შემდეგ ჩვენთან აღმოჩნდნენ. მათ კორონავირუსით ინფიცირებული აზერბაიჯანელი ქალბატონის კლასტერთან შეხება არ ჰქონიათ და არც სიმპტომები უფიქსირდებათ“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.