თსუ-ში თენგიზ ცერცვაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა [ფოტო]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ შიდსის სამსახურის ფუძემდებლის, თენგიზ ცერცვაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერს ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე მეცნიერის მრავალწლიანი მოღვაწეობის შესახებ ფილმი აჩვენეს, რომელშიც საუბარია, რომ მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი.
ცენტრის დირექტორმა სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიდსთან ბრძოლის ცენტრი საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესოდ იქნა აღიარებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელიმინაციის პროგრამის განვითარება, რათა დაავადების სრულად აღმოფხვრა მოხდეს.
საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე არის თსუ ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი.
1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური.