თსუ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტები დაზუსტებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან
თსუ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტები დაზუსტებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნატა ასათიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის ყველა კონტაქტი დაზუსტებულია.

„უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურა ვირუსი. დღეისთვის დაზუსტებულია ინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდება უკვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“, – აღნიშნა ნატა ასათიანმა.

მისივე თქმით, 23 მარტიდან თსუ დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული და სტუდენტები ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს.

„აქედან გამომდინარე, ცხადია სტუდენტებთან არანაირ კონტაქტს არ ჰქონია ადგილი. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. შესაბამისად, ინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტს რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაახლოებითი კონტაქტებია. რაოდენობის თქმის უფლება არ ვიცი, რამდენად გვაქვს. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ დაავადებათა კონტროლს. ეს ადამიანები გადასული არიან თვითიზოლაციაში. ჩვენ მივყვებით ყველა იმ მითითებას, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლი. სადეზინფექციო სამუშაოები შენობაში ისედაც ყოველთვის ტარდებოდა, დამატებით გატარდა პრევენციიული ზომები, თუმცა ამას ისედაც სისტემატიური ხასიათი აქვს“, – განაცხადა ნატა ასათიანმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.