თსუ-ს საუნივერსიტეტო კლუბების წევრებმა ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრა გამართეს
თსუ-ს საუნივერსიტეტო კლუბების წევრებმა ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრა გამართეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების – პოლიტიკური სკოლის, „ილიასა“ და „დავითის“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თსუ-ს პროფესორმა, ნიკოლოზ  სამხარაძემ საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“ წაიკითხა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და საპარლამენტო დიპლომატია. ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი ესწრებოდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე არა მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ვისაუბრე, არამედ კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი გავაგრძელეთ იმ მტკივნეულ საკითხებზე, რომლებიც ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს პროექტებს, სიღარიბის დაძლევის საკითხებს. ძალიან დიდი და ფართო სპექტრი განვიხილეთ როგორც საგარეო ურთიერთობების, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების. მიხარია, რომ სტუდენტები ინფორმირებულები არიან, აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქვთ სურვილი, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნა  ნიკოლოზ  სამხარაძემ.

როგორც შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა, საბა გოგიბერიძემ აღნიშნა, ლექციამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. „ბევრი კითხვა გვქონდა სტუდენტებს ქვეყნის  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ევროინტეგრაციაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც  ამომწურავი პასუხები მივიღეთ, – განაცხადა საბა გოგიბერიძემ.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების წევრებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვედრები გამართონ მათთვის სასურველ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან – პოლიტიკოსებთან, სპორტსმენებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.