თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნაირა ბეპიევის წიგნის, „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნაირა ბეპიევის წიგნის, „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 11 ივნისს ნაირა ბეპიევის წიგნის, „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“ პირველად ქვეყნდება. მასში აღწერილია არა მხოლოდ წიგნები, არამედ პერიოდიკა, საარქივო მასალები, სტატიები, სხვადასხვა ავტორთა შრომები.

ამასთან, წიგნი მოიცავს როგორც მხოლოდ ოსურად დაწერილ მასალებს, ისე ორენოვან წიგნებსა და ნაშრომებს, აგრეთვე ქართულ და უცხოურ ენებზე დაწერილ ტექსტებს. წიგნში, ოსი ხალხის ისტორიის, კულტურის, განათლების, ლიტერატურის, ენისა და სხვადასხვა სახის მასალებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალაც.

წიგნში მასალები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

„სიახლეა, რომ წიგნს ერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აღწერილობის ხელნაწერი ოსური წიგნების ფოტობარათები. ამ წიგნში გამოქვეყნებული ფოტოკატალოგი ბევრი მკითხველისათვის საინტერესო საკვლევი მასალა იქნება. სიახლეა ისიც, რომ დღემდე მიუწვდომელი იყო 1990 წლის შემდეგ ცხინვალსა და სხვა ქალაქებში გამოცემული ოსი ავტორების წიგნები. ცხინვალელი კოლეგების დახმარებით, წიგნში ეს მასალაც არის გათვალისწინებული. წიგნი კარგი გზამკვლევი იქნება იმ მეცნიერ-მკვლევართათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიაში“ წარმოდგენილი ნაშრომებით. წიგნი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.