თსუ - გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ, მან ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე სამი კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები
გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით, გაორმაგებულია.
სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე სამი კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები.
სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ ხუთი კრედიტი“, – ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.