თსუ - კახა ბექაურის კიბერნეტიკის დიპლომი მაგისტრის ხარისხსთან გათანაბრებულია
1986-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი, უპირობოდ, არის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსმა თამარ ვეფხვაძემ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დირექტორის კახა ბექაურის აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც თამარ ვეფხვაძემ აღნიშნა, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომი, რომელიც სპეციალიზაციაში გულისხმობს ოპტიმიზაციასა და ოპტიმალურ მართვას კომუნიკაციის სფეროში მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულია.
„1986-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი, თავისთავად ცხადია, უპირობოდ, არის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ 2005 წელს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ეს საკითხი დარეგულირდა. იმიტომ, რომ ხუთი წლის ხანგრძლივობის პროგრამის დიპლომი თავისთავად ცხადია, გაუთანაბრდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომი, რომელიც სპეციალიზაციაში კიდევ გულისხმობს ასეთ ჩანაწერს – ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა, თავისთავად ცხადია, ეს არის კიბერნეტიკა. კიბერნეტიკა ეს გახლავთ საინფორმაციო, საკომუნიკაციო საშუალებებს შორის ინფორმაციის გადაცემის, დაგროვების, შენახვის, ანალიზის შესახებ მეცნიერება. ასეთი პროგრამის კურსდამთავრებული კომუნიკაციის სფეროში მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული გახლავთ. მინდა გითხრათ ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ კიდევ იყო მიღებული ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი, ეს გახლავთ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც დამტკიცებული გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ და ამ კვალიფიკაციის ჩარჩოს აღმწერის მიხედვით, ამ ტიპის განათლების აღიარება უკვე გათანაბრებულია დღესდღეობით არსებულ კომუნიკაციების მაგისტრთან, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრთან და ა.შ”, – განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ აქვს, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი, კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს, რათა კახა ბექაური საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.