ციხის ნაცვლად Ritz-Carlton-ის ფეშენებელური სასტუმრო - სად გამოკეტეს საუდის არაბეთის პრინცები
00:17, 08.11.2017
საუდის არაბეთის პრინცები, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, ციხის ნაცვლად Ritz-Carlton-ის ფეშენებელურ სასტუმროში ჰყავთ გამოკეტილი. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება ერ-რიადში მდებარე სასტუმრო, რომელშიც პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მონარქები ჩერდებოდნენ, ახლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ციხედ გადააქციეს.
ამჟამად Ritz-Carlton-ში რამდენიმე პრინცი და ყოფილი მინისტრი ჰყავთ გამოკეტილი. მათ შორის სავარაუდოდ, არის ალ-ვალის ბინ თალალი, რომლის ქონებაც 17 მილიარდადაა შეფასებული.
The New York Times-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დარაჯობენ სასტუმროს ნომრებს მცველები. The Guardian-ის ინფორმაციით კი, სასტუმროს სხვა სტუმრებს, ანტიკორუფციული რეიდის დაწყებამდე დაატოვებინეს სასტუმრო.
ის, რომ ახლა Ritz-Carlton-ი ციხედ არის გადაქცეული, ისიც ადასტურებს, რომ სასტუმროში ნომრების დაჯავშნა ახლო მომავალში შეუძლებელია. ზოგადად, ამ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 350 დოლარი ღირს.