ტრიპოლის შემოგარენში მიმდინარე დაპირისპირებების შედეგად, ბოლო რამდენიმე დღეში 47 ადამიანი დაიღუპა, 181 კი დაშავდა. ამის შესახებ გაერო ადგილობრივი სამედიცინო ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს ცნობას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე დადგეს, რადგან საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ტრიპოლიში სამედიცინო მედიკამენტების მარაგი ამოიწურება.
გასულ კვირას, ლიბიის ამბოხებულების ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა ტრიპოლიზე იერიშის დაწყების შესახებ განაცხადა. ლიბიის დედაქალაქი კი, გაერო-ს მიერ აღიარებულ მთავრობას აქვს დაკავებული. მას შემდეგ, დედაქალაქის შემოგარენში ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძვიან.
საერთაშორისო საზოგადოება დაპირისპირებულ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.