ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საავტომობილო ქსელის განვითარებით, მიკროავტობუსებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება
დღევანდელი მოცემულობით, მიკროავტობუსს ვალდებულებაში აქვს, რომ ექვს ადამიანზე მეტი ფეხზე არ უნდა დააყენოს, შესაბამისად, ძალიან ბევრი შენიშვნა აქვთ მიღებული და ჯარიმებია დაწერილი, – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გადაჭედილი მიკროავტობუსებით მგზავრობას შეეხება.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მიკროავტობუსის მძღოლები ხელფასს გამომუშავებით იღებენ, თითოეულ ცვლილებაზე აქვთ პრეტენზია, საავტომობილო ქსელის განვითარებით კი, აღნიშნული პრობლემა აღარ იქნება.
„ჯარიმებს არ ვერიდებით და ყოველდღიურ რეჟიმში ვაძლევთ მითითებებს. როცა კონდიციონერის ჩართვის ვალდებულება აქვს და არ რთავს, გვიწევდა მძღოლების დაჯარიმება. ამის გამო მათ რამდენიმე კვირით და თვით სამსახურის დატოვება უწევდათ, რეალურად, ეს პრობლემები საავტომობილო ქსელის განვითარებით, აღარ გვექნება. სისტემა ავტობუსების ნაწილში სხვაგვარად არის აწყობილი, აქ მძღოლის ვალდებულება მის ხელფასზე არ აისახება და ასრულებს ამ ვალდებულებას. მიკროავტობუსების ნაწილში კი, ცუდი ფორმითაა. არ არის ბაზის პრინციპით აწყობილი, მიკროავტობუსის მძღოლები არიან გამომუშავებაზე და ყოველთვის თითოეულ ცვლილებაზე აქვთ პრეტენზია, რომ ეს მათ შემოსავალზე აისახება, ამიტომ მიდის შემდგომ კონფლიქტი კომპანიასა და მძღოლებს შორის. ჩვენ კომპანიას ხელს არ ვუშლით, რომ განვითარდეს, გააუმჯობესოს სერვისი. პირიქით, თუ არ შესთავაზებენ უკეთეს სერვისს, გვაქვს კონკრეტული გეგმა . ეს შეთავაზება დამტკიცებულია და პირობად არის ქცეული, 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვეყოლება განახლებული ავტობუსები“, -განაცხადა მამუკა მუმლაძემ.