ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა 90 პროცენტით დასრულებულია
ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა 90 პროცენტით დასრულებულია

ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა 90 პროცენტით დასრულებულია. აღნიშნული მილსადენით აზერბაიჯანულ გაზს საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნები მიიღებენ.

გაზსადენის მშენებელი კონსორციუმის განცხადებით, „ტაპის“ მარშრუტზე ყოველდღიურად ასობით მეტრი ტერიტორია იწმინდება, ხდება მილების შედუღება და სანგრებში ჩასმა გრაფიკის შესაბამისად.

ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის ღირებულება 4.5 მილიარდი ევროა, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ნაწილს წარმოადგენს.

პირველ ეტაპზე მილსადენის წლიური გამტარობა 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, რომლის ეტაპობრივი გაორმაგებაა შესაძლებელი.

გეგმის თანახმად, „ტაპის“ მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს და ევროპა აზერბაიჯანულ გაზს იმავე წელს მიიღებს. მილსადენის სიგრძე 878 კილომეტრია. 550 კილომეტრი განთავსებული იქნება საბერძნეთის ტერიტორიაზე, 215 კილომეტრი ალბანეთში, 105 კილომეტრი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და რვა კილომეტრში იტალიაში.