აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნოემბრისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმი დიდი ხარჯების გამო გააუქმა. ტრამპის თქმით, აღლუმის ჩატარების ნაცვლად, ის პირველი მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად პარიზში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი ვეტერანთა პატივსაცემად და პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში სამხედრო აღლუმის ჩატარებას ითხოვდა. აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ გამოთქვა, რაც გასულ წელს პარიზში ბასტილიის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმს დაესწრო.
თუმცა, 16 აგვისტოს, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ღონისძიების ჩატარება დაახლოებით 90 მილიონი დოლარი დაჯდებოდა, რაც სამჯერ აღემატება თეთრი სახლის მიერ მანამდე დასახელებულ სავარაუდო თანხას. ამის გამო, თავდაცვის დეპარტამენტმა ვაშინგტონში 10 ნოემბრისთვის დაგეგმილი აღლუმის ერთი წლით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.