დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მიზანია, შეაფასოს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მუშაობა 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც ტრამპზე თავდასხმა მოხდა. დაკონკრეტებული არ არის, როდის დაიწყო გამოძიება. ინციდენტის შემდეგ გაჩნდა კითხვები, როგორ შეძლო მსროლელმა სახურავზე ასვლა, საიდანაც ყოფილი პრეზიდენტი ჩანდა.
აშშ-ის საიდუმლო სამსახური, რომელსაც დაახლოებით 7 800 წევრი ჰყავს, პასუხისმგებელია პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, მათი ოჯახის წევრების, ყოფილი პრეზიდენტების, მათი მეუღლეებისა და 16 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვების, ისევე როგორც რამდენიმე სხვა სამთავრობო მოხელის დაცვაზე.