ტრამპის დირექტივა NASA-ს: დაბრუნდნენ ამერიკელები მთვარეზე - დოკუმენტზე ხელი მოწერილია
19:32, 12.12.2017
ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დებს პირობას, რომ ამერიკას დაუბრუნებს კოსმოსში ლიდერის პოზიციებს და ამისათვის, პირველ რიგში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით, მთვარეზე დაბრუნდება.
გუშინ, თეთრ სახლში გამართული ცერემონიაზე, დიდი იყო ტრამპის ამბიციები; მართალია, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალი კოსმოსური პოლიტიკის დირექტივას, მაგრამ მას თან არ ახლავს განსაზღვრული ვადები და სამომავლო მისიების დაფინანსების პირობა.
აპოლო 17-ის მთვარეზე დასჯომის 45-ე იუბილეს ესწრებოდა ასტრონავტი ჰარისონ შმიტიც; ტრამპის განცხადებით, NASA არა მხოლოდ დაუბრუნდება მთვარის ზედაპირს, არამედ მას ტრამპლინად გამოიყენებს უფრო ღრმა კოსმოსის კვლევისთვის.
„დირექტივა, რომელსაც ახლა ვაწერ ხელს, ამერიკის კოსმოსური პროგრამის მთავარ აქცენტს გადაიტანს უშუალოდ ადამიანთა მიერ კოსმოსის კვლევებსა და აღმოჩენებზე“, — განაცხადა ტრამპმა.
„იგი დასაბამს უდებს მნიშვნელოვან ნაბიჯს, როდესაც პირველად 1972 წლის შემდეგ, ამერიკელი ასტრონავტები კვლავ დაუბრუნდებიან მთვარეს, ოღონდ უკვე გრძელვადიანი კვლევისთვის. ამჯერად, ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი დროშების აღმართვა და ნაფეხურების დატოვება; ამით ჩვენ საძირკველს ჩავუყრით შემდგომ მისიებს მარსზე და ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც, ჩვენ მიღმა მიმოფანტულ სხვა პლანეტებზეც“, — აღნიშნა ტრამპმა.
„ეს დირექტივა ამერიკის კოსმოსურ პროგრამას კიდევ ერთხელ განამტკიცებს და შთააგონებს მთელ კაცობრიობას“.
„ჩვენ დავაბრუნებთ ამერიკელ ასტრონავტებს მთვარეზე, არა მხოლოდ დროშებისა და ნაფეხურების დასატოვებლად, არამედ შევქმნით იმ საძირკველს, რაც ამერიკელების მარსზე და მის მიღმა გაგზავნისთვისაა საჭირო“.
პოლიტიკის ეს დირექტივა ოფიციალურად აღნიშნავს ობამას ადმინისტრაციის გეგმის ცვლილებას, რომელიც გულისხმობდა 2030-იან წლებში ასტეროიდის მონახულებასა და მარსზე გადაფრენას. გარდა ამისა, ნათელს ხდის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მთვარის კვლევა კერძო სექტორთან და სხვა ქვეყნებთან ერთად სურს.
როგორც დირექტივა აღნიშნავს, „მთვარე საერთაშორისო პარტნიორების ინტერესის საგანია და სრულად ექცევა ამერიკის კერძო კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებში“.
ტრამპის განცხადებას აქებს კომპანია Moon Express-ი, რომელიც მომავალ წელს მარსის ზედაპირზე რობუტული მავალის დასმას გეგმავს; ასევე Lockheed Martin-ი, რომელიც NASA-სთვის Orion-ის ეკიპაჟის წევრთა კაფსულას აგებს.
აპოლოს მისიების მსგავსი ამბიციები სხვა პრეზიდენტებსაც ჰქონდათ. ტრამპი ზედიზედ მესამე რესპუბლიკელი პრეზიდენტია, რომელიც მთვარეზე დაბრუნების პირობას დებს.
კოსმოსის კვლევებზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ როგორც პრეზიდენტი ბუში უფროსი, ისე უმცროსი. „მარსზე მოგზაურობის“ პირობას დებდა ობამა. თუმცა მათ ძალისხმევას ხელი შეუშალა დაფინანსებისა და მტკიცე მიმართულების ნაკლებობამ. უკვე ათწლეულებია, სწორედ ეს მიზეზები უშლის ხელს ადამიანთა გაგზავნას დედამიწის ორბიტის მიღმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მწირად ისაუბრა თუ როგორ დაუბრუნდება NASA მთვარეს ან რა დაჯდება ეს ძალისხმევა, განსხვავება ამჯერად ისაა, რომ მისი ადმინისტრაცია მსგავს მისიებში კერძო სექტორის როლს ზრდის.
გარდა Moon Express-ისა, მთვარეზე დაბრუნების გეგმების შესახებ განაცხადეს სხვა კერძო კომპანიებმაც, მათ შორის არიან United Launch Alliance-ი, SpaceX-ი და Blue Origin-ი.
„ამჟამად სიტუაცია ძალიან განსხვავებულია წარსულისგან, როცა კოსმოსურ ძალისხმევაში მხოლოდ მთავრობები იყვნენ ჩართული“, — ამბობს ეროვნული კოსმოსური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი სკოტ პეისი.
„გვსურს, რომ აშშ-ის ინდუსტრია გახდეს წამყვანი და გვინდა, რომ ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაკეთოთ“.