ტრამპი ამერიკის სკოლებში მასწავლებლების შეიარაღების საკითხს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკოლებში მასობრივი ხოცვის პრევენციის მიზნით, მასწავლებლების შეიარაღების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტმა ამის შესახებ სენდი ჰუკისა და პარკლენდის სკოლებში დაღუპული ბავშვების მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა.
„რომელიმე სკოლაში, რომელსაც თავს დაესხნენ, მასწავლებელს იარაღი რომ ჰქონოდა, ის ბავშვების გადარჩენას მოახერხებდა. მასწავლებლებმა უნდა გაიარონ სპეციალური წვრთნები, გადამზადება და ეს იქნება გამოსავალი, შეჩერდეს ძალადობა და თავდასხმა სკოლებში.“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„რატომ არ შეაჩერა მთავრობამ ეს ტრაგედია 2012 წლის შემდეგ, როცა სენდი ჰუკში 22 ბავშვი მოკლეს, რატომ არ მიიღო მაშინ კონგრესმა გადაწყვეტილება?!“ – მიმართა რესპუბლიკელ პრეზიდენტს ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის ბიძამ.
აღნიშნული განცხადების გამო პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს დემოკრატებმა, მათ შორის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მეხუთე დღეა, იარაღის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. ფლორიდის პარკლენდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპული მოზარდების მშობლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და იარაღზე კონტროლი გამკაცრდეს.