ტრაგედია მთაში - საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია მწვერვალზე ასვლისას გარდაიცვალა #1TVSPORT
ტრაგედია მთაში - საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია მწვერვალზე ასვლისას გარდაიცვალა #1TVSPORT

სამწუხარო ამბავი – „ზესტაფონის“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელსაც ბევრი ცნობილი მწვერვალი აქვს დალაშქრული და საქართველოს დროშა აღუმართავს. კოკაია ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, თბილისში ააშენა „ზესტაფონის“ ბაზა, რომლითაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე ქართული კლუბები და ჩამოსული სტუმრები ვარჯიშობდნენ.

მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/2011, 2011/2012), ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).