უჯრედულ დონეზე, თქვენი სხეული მუდმივად საქმიანობაშია, რათა ცოცხალი იყოთ. ამ პროცესებს შორის არის უჯრედების ბრუნვა — მკვდარი უჯრედების ჩანაცვლება სრულიად ახლებით, რათა ზომბივით არ დაიშალოთ.
ახალი გამოთვლები მიუთითებს, რამდენად ინტენსიურია ეს პროცესი. ისრაელის ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის ბიოლოგების, რონ სენდერისა და რონ მილოს განცხადებით, თქვენი ორგანიზმი დღეში დაახლოებით 330 მილიარდი მკვდარ უჯრედს ახლით ანაცვლებს. ამ მაჩვენებლით, თქვენი სხეული ყოველ წამში 3,8 მილიარდზე მეტ ახალ უჯრედს აწარმოებს.
მათი უმეტესობა სისხლის უჯრედებია, შემდეგ მოდის ნაწლავის უჯრედები. უჯრედთა ბრუნვის ორ პროცენტზე ნაკლები სხვა დანარჩენზე მოდის. ამ რიცხვების დადასტურება მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს, რათა უკეთესად გაიგონ, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის სხეული და რა როლს თამაშობს უჯრედების ბრუნვა ჯანმრთელობასა და დაავადებებში.
გავრცელებულია მითი, რომ თქვენი სხეული თავის ყველა უჯრედს სრულიად ხელახლა აწარმოებს ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ. თუმცა, რეალობა გაცილებით რთულია. ზოგიერთი უჯრედი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხლობს. ზოგიც, მაგალითად, ნათხემის ნეიროები და თვალის გუგის ლიპიდები მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში ცოცხლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები წარსულშიც ცდილობდნენ იმის გაგებას, რამდენი უჯრედია ადამიანის სხეულში, რა სახისაა ისინი და როგორია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ძალიან ცოტა კვლევა იყო ჩატარებული უჯრედული ბრუნვის მაჩვენებლის შეფასების მხრივ.
სწორედ ეს გააკეთეს სენდერმა და მილომ.
„კვლევაში შევავსეთ სიცარიელე ცოდნაში, რომელიც ადამიანის სხეულის ზოგადი უჯრედული ბრუნვის დინამიკაში არსებობდა; ამისათვის ვაკვირდებოდით სხვაობებს მათ სიცოცხლის ხანგრძლივობაში და რაოდენობრივად შევაფასეთ უჯრედული ბრუნვის მაჩვენებლები როგორც მასის, ისე რიცხვების თვალსაზრისით“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
გაანგარიშებები სტანდარტულ პირზე დააფუძნეს — 20-30 წლამდე ასალის ჯანმრთელ მამაკაცზე, რომელიც 70 კილოგრამამდე იწონიდა და სიმაღლეში 170 სმ იყო. ამის შემდეგ, უჯრედული ბრუნვის მაჩვენებელთა შეფასებისთვის, შეისწავლეს უჯრედთა ყოველი ის ტიპი, რომელიც უჯრედთა მთლიანი პოპულაციის 0,1 პროცენტზე მეტს შეადგენდა.
უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა ლიტერატურიდან შეაგროვეს, გამოიყენეს მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებსაც ადამიანთა უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობის პირდაპირი კვლევა აქვთ ჩატარებული. ამის შემდეგ, უჯრედის საშუალო მასაზე დაყრდნობით, განსაზღვრეს თითოეული ტიპის ზოგადი უჯრედული მასა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მკვლევართა წყვილმა გამოიანგარიშა, რომ მათ მიერ აღებული სტანდარტული ადამიანის უჯრედული ბრუნვის მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 80 გრამი, ანუ 330 მილიარდი უჯრედი უნდა ყოფილიყო.
ბრუნვის ამ მაჩვენებელში, 86 პროცენტი სისხლის უჯრედები უნდა იყოს, ძირითადად ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში ყველაზე უხვი ტიპის უჯრედებია). 12 პროცენტი უნდა ყოფილიყო კუჭ-ნაწლავის ეპითელური უჯრედები, მცირე ოდენობით (1,1 პროცენტი) კანის უჯრედები, ენდოტელიალური უჯრედები, რომლებისანაც შედგება სისხლძარღვები და ფილტვის უჯრედები (თითოეული 0,1 პროცენტი).
მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად დათვლის თვალსაზრისით უჯრედთა ბრუნვის ძირითადი ნაწილი სისხლის უჯრედებზე მოდის, მასის მხრივ საქმე სხვაგვარადაა. ყველა ტიპის უჯრედთა შორის, სისხლის უჯრედებზე მასის მხოლოდ 48,6 პროცენტი მოდის, 41 პროცენტი კუჭ-ნაწლავის უჯრედებზე, 4 პროცენტი კანის უჯრედებზე, 4 პროცენტი კი ადიპოციტებზე, ანუ ცხიმის უჯრედებზე.
თუ გაიტერესებთ, რა მოსდით მკვდარ უჯრედებს, გეტყვით, რომ კანის ან კუჭ-ნაწლავის უჯრედების შემთხვევაში, ისინი უბრალოდ გვძვრება, ზოგჯერ პარაზიტები ჭამენ, მკვდარ უჯრედთა გარკვეული ნაწილი კი იშლება და სხეული ნაწილობრივ ხელახლა გადაამუშავებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა იქნება, რაც დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიც არის ასაკი, ჯანმრთელობა, ზომა და სქესი. თუმცა, ეს კვლევა გვაძლევს გარკვეულ საძირკველს, საიდანაც უკეთესად შეგვიძლია გავიგოთ, როგორ მუშაობს ადამიანის სხეულში უჯრედთა ბრუნვა.
მკვლევართა განცხადებით, ჯანმრთელობასა და დაავადებებში მრავალი კითხვა არსებობს ორგანიზმის განახლების თემის ირგვლივ. მათ შორის არის თუნდაც ის, როგორ შეედრება კიბოს უჯრედთა ბრუნვა პაციენტის სხეულში ზოგადად უჯრედთა ბრუნვას. ასევე, რა არის სიმსივნის ზრდის ენერგეტიკული და ბიოსინთეზური მოსაკრებელი, ახდენს თუ არა ის პირდაპირ გავლენას რესურსების განაწილებაზე, რომლებიც სხვაგვარად ქსოვილების რეგენერაციისთვის იყო განკუთვნილი.
ეს კითხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ახლა უკვე მეტნაკლებად ვიცით, რამდენი ქსოვილი წარმოიქმნება ჩვენს სხეულში ყოველდღე — 3,8 მილიონი უჯრედი წამში, ანუ დაახლოებით ორი პატარა კვერცხის ზომის ქსოვილი.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.