„ტორპედოში“ ალბანელთა ბრალდება უკვირთ - „კოსოევოელზე გამონაკლისი დაუშვეს“
„ტორპედოში“ ალბანელთა ბრალდება უკვირთ - „კოსოევოელზე გამონაკლისი დაუშვეს“

ქუთაისის „ტორპედოში“ კატეგორიულად უარყოფენ იმ ბრალდებას, რაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისმა მეტოქემ, ალბანურმა „კუკეშმა“ წამოაყენა.

9 და 16 აგვისტოს „ტორპედო“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვიცე-ჩემპიონ „კუკეშს“ შეხვდება. პირველი დაპირისპირების მასპინძელი ქუთაისელები იქნებიან – თამაში 9 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ალბანელები „ტორპედოსა“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალს სდებენ, თითქოს, ქართულმა მხარემ მათ 4 ფეხბურთელზე საქართველოს ვიზა შეგნებულად არ გასცეს. ლაპარაკია მოზამბიკელ ფაიტ რეგინალდოზე, მაკედონიელ ვალომ ეტრემსა და ედის მალიგიზე და ასევე კოსოვოელ ფატენ ნაიმზე. ალბანელები საქართველოს ჩემპიონს ფეირ-პლეის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ქუთაისურ კლუბში ამ ბრალდებით გაკვირვებულები არიან. პირველ არხს კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ „ტორპედო“ ცდილობს, თამაშამდე ვითარება არ გაამწვავოს. მაგრამ განმარტა, რომ „ტორპედომ“ ამ მოთამაშეებზე მიწვევა გაგზავნა, თანაც მოთხოვნიდან 10 წუთში.

როგორც ირკვევა, პრობლემა იმან შექმნა, რომ „კუკეშს“ ჰყავს კოსოვოელი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველო არ აღიარებს და შესაბამისად, მათ მოქალაქეებზე ვიზები არ გაიცემა. თუმცა, „ტორპედომ“ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიაღწია, რომ გამონაკლისის სახით ფატენ ნაიმზე ბოლო მომენტში ვიზა გასცეს.

ასევე, პრობლემურია საქართველოში მოზამბიკის მოქალაქის შემოსვლა, ალბანელებმა კი ვიზის მოთხოვნა დააგვიანეს და მისი საკითხი ვერ მოგვარდა. მაკედონიელებს რაც შეეხება, მოთხოვნა ქუთაისელებს მხოლოდ 6 აგვისტოს გამოუგზავნეს, ერთ დღეში კი ვიზა არ კეთდება.

სხვათა შორის, „ტორპედოს“ მსგავსი პრობლემა შეექმნა ფარერების კუნძულის „ვიკინგურთან“ გასვლით შეხვედრაზე, სადაც ქუთაისელთა ახალწვეულებს, სურინამელ გლეოფილო ჰასელბაინკსა და სენეგალელ არფანგ დაფეს ვიზები არ მისცეს და გუნდმა შეხვედრა მათ გარეშე ჩაატარა.