„ტორპედოს“ გუნდის ადმინისტრაცია, გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მწვრთნელები აქციას მართავენ
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფეხბურთელების, მწვრთნელების, გუნდის ადმინისტრაციისა და გულშემატკივრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მაყურებლისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე დგანან და ცარიელ სტადიონს უყურებენ.
მათი თქმით, გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. აქციის მონაწილეები დახმარებას ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ.
„ჩვენს ხელში არ არის გუნდის გადარჩენის საკითხი, ამიტომ მივმართავთ ქუთაისის მერიას, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფედერაციას – გადაარჩინეთ ტორპედო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გუნდის მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ.
შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მიცემული ვადა არსებული დავალიანების დასაფარად 3 თებერვალს იწურება,. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადავა.